22 დეკემბერს, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, წმინდა სინოდის ეს კრება გეგმიურია.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, უწმიდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.
"სავარაუდოდ საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას დაგეგმავს“, _ განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდი გეგმიურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს გაიმართა. ბოლო სხდომა არაგეგმიური იყო და სინოდი წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამასთან, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი, უწმიდესი 84 წლის გახდება.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"