პარლამენტმა საქართველოს კანონის პროექტი "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
„ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შე- საბამისობის უზრუნველყოფა; ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა“,-ვკითხულობთ განმარტებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, კანონის მიღება დროულია, რადგან სწორად განისაზღვრება კერძო პირის ან მუნიციპალური თუ სახელმწიფო საკუთრება.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაზუსტდეს კერძო საკუთრების საზღვრები, მუნიციპალური საზღვრები და სახელმწიფო საკუთრების საზღვრები. განაშენიანება სხვანაირად შეუძლებელია. ასევე უნდა დასრულდეს გადაფარვების ეპოქა და ჩვენ ვიცოდეთ 25 წლის შემდე 90-იანებში ჩატარებული მიწის რეფორმის შედეგად, საზღვრები სად გადის, სად მთავრდება თქვენი მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი და და იწყება მუნიციპალური ან სახელმწიფო საკუთრება“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.