შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი _ 1983 წელს დაბადებული ვ.კ., 1982 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1972 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, რაც პოლიციის ოპერატიული ჩარევის შედეგად ვერ განახორციელეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას – ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).