რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Ту-154-ის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები მოსკოვში უკვე გადაასვენეს. მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. გამოკვლევა ჩაუტარდება, ასევე, დაღუპული თვითმფრინავის ნაწილებსაც.
BBC.ru-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაინერის აფეთქების ადგილას სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ პროცესში ჩართულია 32 კატერი, 80 მყვინთავი, 5 ვეტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. სამძებრო სამუშაოებში ჩასართველად სრულ მზადყოფნაშია 1300 სამხედრო მოსამსახურე.
„ველოდებით შავი ზღის ფლოტის სამხედრო გემებს სპეციალური შეიარაღებით, რომლებიც დაგვეხმარება წყლისქვეშ 40 მეტრის სიღრმეზე რთული სამძებრო სამუშაოების განხორციელებაში“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის გმირის, მფრინავ ანატოლი კნიშევის აზრით, თვითმფრინავის აფეთქება გარე ან შიდა ჩარევამ გამოიწვია, წინააღდეგ შემთხვევაში ეკიპაჟი და მგზავრები ინფორმაციის გადაცემას მოასწრებდნენ.
„რყევის, აფეთქების, რაიმე ხმაურის შესახებ ეკიპაჟის წევრები ან მგზავრები რაიმე ინფორმაციას გადასცემდნენ. თუნდაც ეს მხოლოდ 10-15 წამი გაგრძელებულიყო, დრო ამისთვის საკმარისი იყო. ბორტზე ტელეფონები ყველას ჰქონდა და ამის გაკეთება ვერავინ შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ აფეთქება მყისიერი იყო და ლაინერის სრული განადგურება გამოიწვია. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო გარე ან შიდა ჩარევით“, _ განაცხადა კნიშევმა.