მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების გასახორციელებლად ლანჩხუთელ დეპუტატებს ზედიზედ სამ სხდომაზე მოუხდათ მსჯელობა, საბოლოოდ კი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, მუნიციპალიტეტის წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების გახორციელებას მხარი დაუჭირა.
პირველად, გამგეობა, ბიუჯეტის ცვლილების მოთხოვნით, საკრებულოს წინაშე 15 დეკემბრის სხდომაზე წარსდგა. თუმცა, დეპუტატებმა მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს, მათმა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
მაშინ საკრებულოს წევრთა მოსაზრებით, ეს იყო ბიუჯეტის გაყალბების გზა და იგი მხოლოდ ემსახურებოდა იმას, რომ ხელოვნურად გაზრდილიყო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი. მოკლედ, საკითხი ჩავარდა. მეორე დღეს კი გამგეობამ ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებების ახლებური ვერსია წარმოადგინა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყეს.
მესამედ მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე გამგეობის მიერ წარმოდგენილი საკითხი კი ისევ შემცირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, 250 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის სარეზერვო ფონდმა გამოუყო, უნდა ასახულიყო ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილში, რომლის ხარჯზე მოხდებოდა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის დაგეგმილი მოსაკრებლის შემცირება 250 ათასი ლარით.
სწორედ ეს იყო დეპუტატთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ეს თანხა ბიუჯეტის ზრდის ფონზე აესახათ, რომ არ მომხდარიყო ბიუჯეტის ხელოვნურად შესრულების პრეცედენტი. მოკლედ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კენჭისყრაზე დამდგარ საკითხს 18-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და მთავრობიდან მიღებული თანხა ბიუჯეტში ასახა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს, ფინანსთა სამინისტრომ 200 ათასი ლარი შეაშველა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი არ ჩავარდნილიყო. მეტიც, ამ წაშველებული თანხით გამგეობამ მაშინ თანამშრომლებს საშობაოდ პრემიებიც დაურიგა.