(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბოლო დღეებში სულ უფრო გააქტიურდა ხმები, ლანჩხუთის გამგებლის შესაძლო დაწინაურების შესახებ. მას შემდეგ, რაც გია გოგუაძე ორი დღეა თბილისში იმყოფება, ხმები კიდევ უფრო გამძაფრდა. ამას დაემატა ისიც, რომ გამგებელს ახალი მოადგილე ჰყავს _ გიორგი ჭყონია. სწორედ ის განიხილება გამგებლის სავარაუდო კანდიდატად. მეორე სცენარის მიხედვით, გამგებელი რევაზ ჩიტიძე გახდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს მისი მოადგილე ზვიად აფხაზავა დაიკავებს. რა ხდება რეალურად და გადადის თუ არა გოგუაძე რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროში, ამის თაობაზე გამგებელს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი თავად დაგვიკავშირდა:
_ მაპატიეთ, თათბირზე გახლდით და ვერ გიპასუხეთ.
_ ბატონო გია, გავრცელდა ინფორმაცია თქვენი სამინისტროში გადაყვანასთან დაკავშირებით…
_ ეს ინფორმაცია არ არის სწორი. მე დღეს ვბრუნდები ლანჩხუთში და ხვალ სამსახურში გამოვდივარ. აქ თათბირზე გახლდით ეს ორი დღე.
_ ანუ თათბირი გამგებლის რანგში გქონდათ მხოლოდ?
_ დიახ, რა თქმა უნდა. ჩემს გარდა, აქ არიან ოზურგეთისა და ჩოხატაურის გამგებლებიც.
გოგუაძის მიერ ამ ინფორმაციის უარყოფის მიუხედავად, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ლანჩხუთის გამგებელს დააწინაურებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved