საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, შესაძლოა, მანანა კობახიძის კანდიდატურა წარადგინოს.
”ქართული ოცნების” წარმომადგენლები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ კობახიძის კანდიდატურა განხილვის თემა იქნება, თუმცა როგორც აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ღია კომენტარის გაკეთებისგანაც ჯერჯერობით თავს იკავებენ. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს თავად კობახიძეც.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრსით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადფენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.
პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.