ლია კვერღელიძე, ოზურგეთი:
_ დასაქმებას ვთხოვ მხოლოდ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა _ ახალგაზრდა ქალი ვარ და ვერსად ვმუშაობ.
გენო ირემაძე, ჩოხატაური:
_ მე სოფელ ბუკნარში ვცხოვრობ, სადაც არც გზა გვაქვს და არც წყალი. აი, ამ სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებას ვთხოვ ხელისუფლებას.
მალხაზ გოგატაძე, ოზურგეთი:
_ ყველაფერი მოსაგვარებელია, თუმცა, უმნიშვნელოვანესი დასაქმებაა.
გრიშა ჯაფარიძე, ლანჩხუთი:
_ ძალიან ბევრ ადგილზე, განსაკუთრებით სოფლებში, გზებია მოსაწესრიგებელი.
ანზორ ღვინიანიძე, ლანჩხუთი:
_ მთავარი პრობლემა, ალბათ, გზაა, რასაც ნელ-ნელა ექცევა ყურადღება.
ჟორა წილოსანი, ლანჩხუთი:
_ ბევრი პრობლემაა, რომელსაც ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება და მოგვარება ჭირდება.
ეთერ აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ ყველაზე მეტად სოფლებში გაზიფიკაციის საკითხი გვაწუხებს. კარგი იქნება, შიდა ტრანსპორტის საკითხსაც თუ მეტად მიაქცევენ ყურადღებას.
ხასან ზოიძე, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას.
ლალი გიორგაძე, ჩოხატაური:
_ გუთურში ვცხოვრობ და გაზი ჭიშკართან მაქვს მოყვანილი, თუმცა, სახლში შეყვანას ვერ ვახერხებ. ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა და ხელისუფლებას სწორედ გაზის შემოყვანაში ვთხოვ დახმარებას.
ვახტანგ თოდრია, ჩოხატაური:
_ საწვავზე ფასის შემცირებას, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება.
იური კალანდაძე, ჩოხატაური:
_ სამართლიანობას და დაცულობას. გაჭირვებულს უნდა დაეხმარონ, დალხინებულს უნდა დააწყებინონ საქმე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას.
მაყვალა ბერიძე, ჩოხატაური:
_ დოლარის კურსის დაწევას, რაც, შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების კლებას გამოიწვევს.
ვარგისო შათირიშვილი, ჩოხატაური:
_ მშვიდობას და კარგად ყოფნას.
თამარ ჩავლეშვილი, ოზურგეთი:
_ მე ნატანებიდან ვარ და ჩვენს სოფელში გზა საერთოდ არ ვარგა, არც წყალი გვაქვს. კარგი იქნება, კულტურასაც თუ მიაქცევენ ყურადღებას.
დინერი ნიკოლაიშვილი, ლანჩხუთი:
_ სოფელ ჭანჭათში ვცხოვრობ და იქ ჩემნაირ გაჭირვებულს ვერავის ნახავთ. შრომისუუნარო შვილი მყავს სახლში. ძალიან გვიჭირს, თუმცა, სოციალურ დახმარებას არ გვინიშნავენ. ერთადერთი თხოვნა მაქვს ხელისუფლებასთან _ დამეხმარონ, რომ მქონდეს სოციალური დახმარება და საარსებო მინიმუმი მაინც.
გიორგი წიქარიძე, ჩოხატაური:
_ უპირველესად, უნდა გამოსწორდეს სოციალური მდგომარეობა და ჩვენს რაიონს დაეტყოს ხელისუფლების მუშაობა.