თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძის მიმართ აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელა და მას 5000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, _ ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
"რატი გაჩეჩილაძეს 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ რატი გ.ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო – 5 000 ათასი ლარი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით, ვინაიდან რატი გ. საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა,
რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
საქმე ეხება 2017 წლის 7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“ პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს.
სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი. შესაბამისად, გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება – გირაო, უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია განცხადებაში.