სოციოლოგ ზურა ბიგვავას აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშილის მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდება, ბოკერია-ხოშტარიას მომხრეთა რაოდენობა კი გაიზრდება, რადგან მათ სხვადასხვა იდეოლოგია და მენტალობა გააჩნიათ.
„მათ სხვადასხვა იდეოლოგია და მენტალობა გააჩნიათ. მათ მომხრეებს შორის არსებითი, იდეოლოგიური განსხვავებაა. ეს ამ მოვლენების მთავარი ფაქტორია და არა მათი საუბარი იმის შესახებ, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვთ აზრთა სხვაობა აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული ბოკერიას ფრთამ სხვა გზა აირჩიოს და საამისოდ კურსი შეცვალოს. ამ ლოგიკით რესპუბლიკელებსაც ჰყავდათ ამომჩეველი, მაგრამ ხომ ხედავთ ახლა ოპოზიციაში გადავიდნენ. ესენიც ასე იქნებიან, ეს ორი ნაწილი ღრმა ოპოზიციურ პაექრობაში იქნება, თუმცა, ეს ცუდი არაა. შესაძლოა, ბოკერია-ბაქრაძის ნაწილმა სააკაშვილის მეთაურობით ჩადენილი შეცდომები გააცნობიეროს და მის კრიტიკაზე აგებით ახალი ძალა მოიზიდოს. საბოლოო ჯამში, ახალი ძალების მიზიდვამ ,შესაძლოა, საკმაოდ ნორმალური ოპოზიციური ძალაც კი შექმნას, რომლის ლიდერიც ბოკერია იქნება. თუმცა, ეს ისევ და ისევ მათზე იქნება დამოკიდებული", _ აცხადებს ზურაბ ბიგვავა „რეზონანსთან“ საუბრისას.
სოციოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობას“ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მოეხსნას და ასპარეზზე მესამე ძალა გამოჩნდეს.
„მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომელი უფრო მთავარი და წამყვანი ძალაა. არც ისაა გამორიცხული, არც ერთი ძალა არ წავიდეს წინ და ასპარეზზე სულ სხვა მოთამაშე გამოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავს. ამ გადმოსახედიდან კი როგორც გითხარით, სააკაშვილის მომხრეთა რიცხვი გაცილებით მეტია, იმ ადამიანებისა, რომელთაც მისი მმართველობის დროს უფრო მეტი სიკეთე დაინახა, დასაქმდა და ნეგატივი ვერ შეამჩნია", _ დასძენს სოციოლოგი.