ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ლაჩხუთის გურია" მალე გაიყიდება. ამის შესახებ ურუშაძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა:
_ ბატონო ზაზა, ლანჩხუთის „გურია“ თქვენი ერთ-ერთი „ტვირთია“. მიუხედავად იმისა, რომ მილიონები დაახარჯეთ, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არც თქვენს მიერ ბევრჯერ დაანონსებული უცხოელი ინვესტორი გამოჩენილა…
_ ის, რაც მოხდა „გურიასთან“ დაკავშირებით ჩემთვისაც სამწუხაროა. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება ინვესტორს, ველოდებით და ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
_ ამ მოლოდინის რიჟიმში ლანჩხუთელებს დიდი ხანია ამყოფებთ. ეს „უახლოესი დღეები“ არ სრულდება?
_ დღეს მერაბ ჟორდანიასგან მივიღე წერილი, რომელშიც საუბარია, რომ იგი 19 იანვარს ჩამოვა საქართველოში და ლანჩხუთის „გურიასთან“ დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, გუნდის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე დასრულდება.
_ გუნდს მერაბ ჟორდანიას აძლევთ?
_ გუნდი აუქციონზე გადის მართვის უფლებით და ვინც იყიდის მისი იქნება.
_ რამდენიმე წუთის წინ გვითხრაით, რომ მერაბ ჟორდანიასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს …
_ მერაბ ჟორდანიამ დიდი ხნის წინ გამოთქვა გუნდის შეძენის სურვილი, თუმცა, გადაცემის ფორმა ვერ მოვნახეთ. ამიტომ გაგვაქვს აუქციონზე, სადაც არავინ არ იცის რა მოხდება. შეიძლება სხვამ იყიდოს _ ვნახოთ ვინ რა პირობებს შემოგვთავაზებს, _ აღნიშნა ურუშაძემ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიის ნახვა ორშაბათს შეგეძლებათ.