„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა ასკურავას ინფორმაციით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ძირითადი ბირთვი მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩება.
„პირადად მე 15 წელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოვდივარ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც 2002 წელს ლანჩხუთში პარტიული ორგანიზაცია შექმნა. თავისთავად, ვრჩები მიშასთან და ვაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ერთადერთი პიროვნება, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, არის მიხეილ სააკაშვილი. სხვა ვინმე მისთვის არც ახლა და არც მანამდე პრობლემას არ წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დღეს სწორედ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გვერდზე დგომა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა“, _ ამბობს ასკურავა, რომლის თქმითაც, სააკაშვილის გუნდში, პარტიის ძირითად აქტივთან ერთად რჩება ლანჩხუთის ექს-გამგებელი გია გოგუაძეც.