ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალთა ახალ განლაგებაზე საუბრისას, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ გაერთიანდა, ქართულ საზოგადოებას მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში სუსტ ერთპარტიულ რეჟიმში მოუწევს ცხოვრება, რადგან „ქართული ოცნება“ ძლიერი პარტია არ არის.
"თუ მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია არ გაერთიანდება, მაშინ 5 ან 10 წლის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში ვიცხოვრებთ. თანაც, ძალიან სუსტ ერთპარტიულ რეჟიმში, რადგან "ოცნება" ძლიერი პარტია არ არის. კლასიკური გაგებით "ოცნება" პარტია საერთოდ არ არის. ეს არის ერთი ადამიანის მომხრეთა ჯგუფი, რომელმაც სტრუქტურა, შიდა ორგანიზაცია და მყარი ინსტიტუტები ვერ შექმნა. 5 წელიწადში ერთი ქარიზმატული ლიდერიც ვერ გამოიკვეთა ივანიშვილის გარდა“,-აცხადებს ცინცაძე „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძენს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის მომხრეები მეტ ხმებს მიიღებენ, ვიდრე უგულავა-ბოკერიას ახლადშექმნილი გაერთიანება, უსუფაშვილის დაანონსებული პარტია კი ძლიერი ვერ იქნება.
„დღეს, ფორმალურად, მთავარი ოპოზიცია ბოკერია-უგულავას "ევროპული საქართველოა" და ეს არის კიდევ ერთი ანეგდოტი, რადგან პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და პარტია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მაინცდამაინც შთამბეჭდავ მაჩვენებელს ვერ დადებს, 4 წელი იქნება პირველი საპარლამენტო ოპოზიცია და უცხოელი ლიდერები რომ ჩამოვლენ, ამ ჯგუფს შეხვდებიან…თუ პარლამენტსგარე ოპოზიცია გაერთიანდება, კუკავათი დაწყებული და "ახალი მემარჯვენეებით" თუ "თავისუფალი დემოკრატებით" დამთავრებული, დაძლევენ თავიანთ ამბიციებს, შიდა პრაიმერს ჩაატარებენ და პრაიმერში გამარჯვებულის ლიდერობას აღიარებენ, ვფიქრობ, რომ ბურჯანაძეს მძლავრი კონკურენტი არ ეყოლება და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი რეალური გამოსავალი", – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.