პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას არალეგალური პროსტიტუციის შესახებ, საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძეის აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით ყველამ უნდა შემოhკრას განგაშის ზარები და პროსტიტუციის კერები არა მარტო “ვარდების მოედანზე”, აღმაშენებელზე და ბათუმშიც არის.
“აღმაშენებელზე გაიარეთ, ნახეთ, რა ხდება! სხედან ფაშებივით საკუთარ კაფე-ბარებში და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ყველა ეს ადგილი ძალიან მკაცრად არის შესამოწმებელი. იქ როგორ ხარობს პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, ყველასთვის ნათელია და ამას განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება. სამართალდამცავები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით. ნახეთ, ბათუმში რა ხდება! ამ ყველაფერს მოვლა და ხისტი ქმედებები სჭირდება. ყველა, ვინც საქართველოში საროსკიპოს მსგავს სამიკიტნოებს ხსნის, მკაცრად უნდა დაისაჯოს“, _ აცხადებს ექსპერტი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
თვალჭრელიძე სესხების ლარიზაციასთან შეეხო და აღნიშნა, რომ კრედიტების დოლარში გაცემა არაკონსტიტუციური გახლავთ, მოსახლეობის 80% კი ონლაინსესხების საკრედიტო ხაფანგშია გაბმული და შესაბამისად, ონლაინსესხებიც უნდა აიკრძალოს.
„მევახშეობა დასაძრახი საქმიანობაა. ეს ორგანიზაციები კი წმინდა წყლის პირამიდები, ანუ ფულის მკეთებელი მანქანებია, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ ქმნიან. ვიმეორებ, ონლაინსესხები უნდა აიკრძალოს! ეს ლარის კურსზეც ახდენს უარყოფით გავლენას. ამ მევახშე ორგანიზაციების წყალობით ზედმეტი ლარია ბრუნვაში. ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას დაუგროვოს უიმედო დავალიანებები და ადამიანები ფინანსურ მონებად იქციოს. პასუხისმგებლობა მართებთ მოქალაქეებსაც. როდესაც ონლაინსესხის ან ბანკიდან კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რა სახსრებით აპირებთ მის გასტუმრებას", _ აღნიშნავს თვალჭრელიძე.