"ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ცბიერებით, რადგან მაგის მსოფლიო ჩემპიონია, ჩვენ მოვუგებთ მხოლოდ იდეით და იდეალისტებით", _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, პარტიაში რჩება იდეური ხალხი და იდეალისტები და სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა და ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდეც 20 იანვარს ყრილობამ უნდა აჩვენოს.
„ივანიშვილმა ყველაფერი გათვალა. პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ადგილზე ამ სცენარს მიჰყვებოდა, სხვადასხვა მოტივაციით, ალბათ. ეს არ გახორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, აღმოჩნდა ერთი ფაქტორი, სრულიად გაუთვალისწინებელი, რაც ივანიშვილს ბოლომდე არ ესმის – რამდენიმე ათეული ათასი გულანთებული პატრიოტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომლებმაც თქვეს _ ნურას უკაცრავად, ჩვენ ვართ აქ მთავარი, არა ეს ხალხი, ვისაც თანამდებობები ან კაბინეტები აქვს, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც ხელფასებს იღებს, კარგი მანქანით დადის, კარგს ჭამს-სვამს, ჩვენ, ვინც ეს პარტია ათრია, ჩვენ, ვინც შევქმენით ქართული სახელმწიფო. ხვალ თუ მიშა იქნება ამის წინააღმდეგი, მიშას წინააღმდეგაც წავალთ, ასე მომისმენია მე ხშირად. რეები არ ეძახეს – ბელადომანები, უბედურებები. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ, ეს არის ძალიან განათლებული ხალხი, ძალიან დახვეწილი, ზუსტად გააზრებული აქვთ მართლა რისთვისაც იბრძოდნენ. შეიძლება მარიფათი ისეთი არ აქვთ, როგორც ზოგიერთს, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცის თვალში ჭკვიანია ის, ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც, ყველაზე მეტად რა გამოთქმასაც ვერ ვიტან საქართველოში. მე არ ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც და ამ ხალხმაც არ იცის ქიციც და ქიცმაცურიც, მათ იციან იდეალი, საქართველოს სჭირდება იდეალი და იდეალისტები. რა დაამარცხებს ოლიგარქს და მის ფულს?! მხოლოდ იდეა და იდეალისტები. ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერ მოვუგებთ ძალით, ვერ მოვუგებთ ვერაგობით და ცბიერებით, ვერ მოვუგებთ ტყუილებით, რადგან მაგის მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენ მოვუგებთ მხოლოდ იდეით და იდეალისტებით. ამიტომ ის, რომ პარტიაში რჩება იდეური ხალხი და იდეალისტები და სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა და ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდევაც, არ ვიცი, ეს დადებითი პროცესია, ამიტომ 20 იანვარს ყრილობამ უნდა აჩვენოს, დაუსვას ამას დიდი წერტილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.