არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება, თუმცა, ხელისუფლება უკვე ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებზე და შესაბამისად, თბილისი მერის კანდიდატურაზე. ვინ გახდება თბილისი ახალი მერი _ კალაძე თუ სხვა, რა ვერ გააკეთა დავით ნარმანიამ და როგორი იქნება ხელისუფლების 100 დღის ანგარიში? ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი იაგო კვესელავა მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევები არაა საჭრო იმისთვის, რომ დაინახო ქვეყანაში რა ხდება.
„თუკი რამე არასწორად გაკეთდა, ეს ამ ხელისუფლებას წინ დახვდება. მუდმივი არაფერია. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, კალაძის თბილისის მერის პოსტზე შესაძლო წარდგენაზე, მოგეხსენებათ, მე მერის მრჩეველიც გახლავართ. ვიცით, რომ პრობლემები არის, მაგრამ ის ასე ადვილად არ წყდება. მათი პრესასთან გამოტანა არ შეგვიძლია, მაგრამ ასეთი საკითხები არსებობს. ნარმანია პატიოსანი პიროვნებაა, მეცნიერებიდან მოსული კაცია და ქალაქში ბევრი წინააღმდეგობა დახვდა. მას კი ბევრი რამის გადაწყვეტა არ ხელეწიფება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი მარტივი არაა. მოკრიტიკე ბევრი ჰყავს, ყველა მხრიდან უტევენ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. თუმცა, მისი ნაკლი ისაა, რომ ისიც არ ჩანს, რასაც აკეთებს. ბევრი ისეთი რამის გაკეთებაც უნდა, რაც უცებ არ გამოდის. ორ წელიწადში არც ერთი ქალაქი არ აშენებულა. კალაძეს რაც შეეხება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას "ოცნების" ლიდერები გადაწყვეტენ. სხვებზეცაა საუბარი. მერობა სხვებსაც უნდათ, მაგრამ საზოგადოებას რამდენად უნდა, ეგაა საკითხავი. ვფიქრობ, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სიფრთხილეს გამოიჩენენ. მერად არ უნდა მოიყვანონ ადამიანი, რომელიც ყველაფრის სწავლას თავიდან დაიწყებს“, _ აცხადებს კვესელავა „რეზონანსთან“ საუბრისას.
კვესელავას მიაჩნია, რომ ქვეყანაში, მართალია, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, რადგან მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.
„NDI-ს კვლევები რაში გვჭირდება იმის დასანახად, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში? უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. არ არის საწარმოები და ისეთი ობიექტები, რომ ადამიანს მუშაობის, ოჯახის რჩენის და არსებობის საშუალება ჰქონდეს. მე კვლევა საერთოდ არ მჭირდება. ისედაც კარგად ვიცი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. რაღაცების გაკეთება კი დაიწყო, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. მე, პირადად, ძალიან მაინტერსებს ამ ხელისუფლების განცხადება არჩევიდან 100 დღის გასვლის შემდეგ. მაინტერსებს, თუ რა გააკეთეს და რის გაკეთებას აპირებენ ეკონომიკის გაუმჯობესების, უმუშევრობის აღმოფხვრის, ლარის გამყარების მიმართულებით და ა.შ. ეს დროც მალე გავა და ვნახავთ", _აღნიშნავს კვესელავა.