ქრისტიანული სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ.
ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა.
დღესვე, სამებაში ასევე ჩვილთა 47-ე ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს.