ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის მიწურულს ფრაქციათა კოალიციის და მისი სახით ახალი უმრავლესობის შექმნა, როგორც აღმოჩნდა, ახალი წლიდან დეპუტატების შიდაფრაქციული გადანაცვლების მიზეზი გახდა.
საკრებულოში კიდევ ერთი, რიგით მერვე ფრაქციის შექმნის თაობაზე განმარტება ოთხშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ გააკეთა.
ახალად შექმნილ ფრაქციას, რომელსაც „უკეთესი ლანჩხუთისთვის“ ეწოდა, ომარ გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოხვდა და გარკვეული ხანი ამავე სახელწოდების ფრაქციის წევრიც იყო. მოგვიანებით ეს ფრაქცია, რომელსაც აცანის მაჟორიტარი ემზარ თედორაძე თავმჯდომარეობდა დაიშალა, გოგიჩაიშვილმა კი ფრაქციული საქმიანობა „მეტი ქალი პოლიტიკაში“ გააგრძელა, თუმცა, მან გასული წლის ბოლოს, ქალბატონებთან რამდენიმე თვიანი თანამშრომლობის შემდეგ, ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება „უკეთესი ლანჩხუთისთვის“ კიდევ ორ წევრს ადამ ხუხუნაიშვილსა და ნიკო იმნაძეს, ისინი აქამდე თედორაძესთან ერთად ფრაქცია „დამოუკიდებლების“ წევრები იყვნენ, მანამდე უფრაქციოდ მყოფმა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩახვაძემ ჩაანაცვლეს.