დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას განიხილავს, როგორც რეგიონალურ პარტნიორს და მიისწრაფის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის პრიორიტეტია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიეცემათ ევროკავშირში მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის საშუალება.
შეხვედრაზე ითქვა, რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება. მხარეებმა ამ ფორმატში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გეგმა განიხილეს.
საუბრის დროს, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.