საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების _ აფხაზეთსა და ოსეთს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ამის შესახებ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს.
“ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან არის სწორი, დროული და აუცილებელი. თუკი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, რასაც, ალბათ, დრო დასჭირდება, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა. დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღგენისათვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონერა – ჰონგ-კონგის სისტემას და დანარჩენი ჩინეთის სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გაუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში“, _ განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.