საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
შესაბამისად, პრეზიდენტი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის.
გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, ყურადღება გაამახვილა პაკეტში არსებული ნორმებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.
„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმაზე დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და სასიამოვნო ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომლის თაობაზეც დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის ასობით ათასი ლარი, იმისთვის რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო. ასეთია, მაგალითად, საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა. თუმცა, ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, გამომდინარე ამ პაკეტის და სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან მე გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია , რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კანიონებთან მიმართებაში ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.