საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის ოჯახმა 2016 წელს ბაკურიანში, კოხტა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე 55000-დოლარად შეფასებული 113,00 კვ.მ-ის ფართობის აგარაკი იყიდა. ქონების 100%-იანი მესაკუთრე ბერძულის მეუღლე, შალვა სიხარულიძეა.
ამის შესახებ ბერძულის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 24 იანვარს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, გარდა აგარაკისა, ნინო ბერძულის ოჯახი ფლობს 2 საცხოვრებელი სახლს, ბინას და მიწის ნაკვეთს.
კერძოდ, ნინო ბერძულის 100,00%-იან საკუთრებაშია, 2006 წელს, 78000-დოლარად შეძენილი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 165,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა.
1999 წელს, მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, მ.ლაღიძის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 160,00 კვ.მ-ია.
ასევე, 2011 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 80,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისი, ა.ჭავჭავაძის ქუჩაზე.
2009 წელს ნაჩუქარი 400,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გურიაში, შეკვეთილში და 2009 წელს, 9000-დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა Honda CR-V.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ნინო ბერძულის შემოსავალი გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული 48667,20 ლარი იყო გარდა ამისა, ნინო ბერძულს, გასულ წელს, 11712,00-დოლარიანი სტიპენდიაც მიუღია.
ბერძულის მეუღლემ შალვა სიხარულიძემ კი, შრომის ანაზღაურებაის სახით, შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრიდან „ჰერა“ 71700,00 ლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შალვა სიხარულიძე „ჰერას“ პარტნიორი და 50%-იანი წილის მფლობელია (თანამესაკუთრე ციცინო სულამანიძე), გასულ წელს კი, საწარმოს საქმიანობიდან 14400,00 ლარი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო ბერძულის სახელფასო ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში 264,89 ლარი, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე 21,23 დოლარი ირიცხებოდა.
დეკლარაციაში მითითებული არ არის რა ოდენობის თანხა იყო მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შალვა სიხარულიძემ ნიკოლოზ სიხარულიძის სწავლის გადასახადი 13852 ლარი დაფარა.