ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.
თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.
ბრალდებულებს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დაცვის მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.