პროკურატურა გია ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა იუწყება, მანამ გააგრძელებენ უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას, სანამ საქმე ცერცვაძის სასარგებლოდ არ გადაწყდება.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ როგორც უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები", _ ნათქვამია განცხადებაში.