თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საქმის განიხილვას აგრძელებს.
სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც ახვლედიანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის ცვლილებებს არ ელოდება.
"არანაირი მოლოდინი არ მაქვს, დღევანდელი პროცესიდან. უბრალოდ ისევ ის საბჭოა და მათი დანიშნული ადამიანები არიან თავმჯდომარეები, მოსამართლეები ასე რომ, ცვლილებებს არ ველოდები", _ განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მაუმუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე დაობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მისი სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 28 სექტემბერს არ დააკმაყოფილა.
საქმეზე დავის საგანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
სააპელაციოს დავის საგანს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა.