გურიაში დიდთოვლობას ებრძვიან. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი სამ მეტრს, ხოლო ბარში ერთ მეტრს აღწევს. დღეს, რამდენიმე საათიის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დაბა ჩოხატაურს, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. უშუქობის გამო მაღაზიებში პურის დეფიციტია.
პრობლემებია სოფლის ცენტრალურ გზებზე. როგორც გურია ნიუსს ატყობინებენ, გზა გაუწმენდავია შუა ამაღლებაში, ამაღლებაში, სამებაში, ვანში, ზომლეთში, დიდივანში, სურებში, ხიდისთავში, სადაც გზებზე მანქანებია ჩარჩენილი.
_ ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა და ახლაც ყველა მიმართულებით მუშაობს, _ ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა.
პრობლემებია ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე. ნასაკირალის უღელტეხილზე რამდენიმე ავარია მოხდა. შეფერხებებია საჯავახოს მიმართულებითაც.
როგორც შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ამბობს გზები ყველა მიმართულებით იწმინდება, თუმცა ინტენსიური თოვა პრობლემებს ქმნის.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია:
_ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა და ახლაც იწმინდება. ძალიან დიდი თოვლია და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკა ვერ გაწვდა, შესაბამისად შპს "მექანიზატორიდან" დავიმატეთ ტექნიკა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით სხვადასხვა მიმართულებით 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს:
_ ლანჩხუთში 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 500 კილომეტრი გზაა გასაწმენდი და ერთდროულად შეუძლებელია ყველა სოფლის გზა გაიწმინდოს, _ აღნიშნა ურუშაძემ.