2017 წლის 30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუბა ყ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ სხდომა სრულად დახურა, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ირმა ყ.-ს ადვოკატიც.
ამავე დანაშაულის ფაქტზე, კიდევ ერთი ბრალდებულის, ნინა ჩ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ბრალდებულის არასრულწლოვნების გამო, დახურულ სასამართლო სხდომაზე იხილება.
სასამართლო პროცესები, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ, თუმცა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამართლე მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილია, ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სხდომა.
დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარემ, იმის გამო, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკვლევი მტკიცებულებები იდენტურია, აგრეთვე, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლო, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებითა და პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გაუხმაურებლობის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეს დახურულ სასამართლო სხდომებზე განიხილავს.