ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში შიდა საუბნო გზები ამ დრომდე გაუწმენდავია. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვთ ვანში, ზომლეთში, სამებაში, ამაღლებაში, შუა ამაღლებაში, ჩაისუბანში, ახალშენში, ზემოხეთში.
როგორც "გურია ნიუსს" აღნიშნული სოფლებიდან ატყობინებენ, სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები, თუმცა საუბნო გზების არარსებობის გამო პრობლემები რჩება:
_ წუხელ მთელი ღამე იმუშავა ტრაქტორმა დაბლაციხეში. გაუწმენდავი მხოლოდ ერთი უბანი დარჩა, რომელიც დღეს დასრულდება. ამ წუთებში იწმინდება შიდა საუბნო გზები ზომლეთის ვანში. ეტაპობრივად ყველა სოფელს მოვიცავთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
მისივე თქმით, სამი დღეა მუნიციპალიტეტის მაშტაბით 15 ერთეული ტექნიკა 24 საათის განმავლობაში მუშაობს, თუმცა თოვლის მაღლი საფარის და ძიერი ყინვის გამო სოფლების საუბნო გზების სრულად გაწმენდა გართულდა.