ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმავალ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს შენობიდან ჩამოვარდნილი თოვლის დიდი მასა დაეცა და სასწრაფო დახარებამ დიაგნოსტიკაზე გადაიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტორია 115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში აუდიტორია #115-ის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც პარლამენტის წარმომადგენელი მხარედ გამოდიოდა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ვარ აუდიტორია #115-ის სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე.
სასამართლოსკენ მომავალ პარლამენტის წარმომადგენელს (სარჩელის მოპასუხე) შენობიდან ჩამოვარდნილი თოვლის დიდი მასა დაეცა და სასწრაფოთი დიაგნოსტიკაზე გადაიყვანეს.
მთელი სამყარო, ბუნების ძალებიც კი ჩვენ წინააღმდეგაა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება ჩვენი მოპასუხე“, _ წერს სოციალურ ქსელში კუპრაძე.
„გურია ნიუსმა“ აღნიშნული ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ პარლამენტის წარმომადგენელს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. ავტ.) თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
„შემთხვევა სად მოხდა არ ვიცით, თუმცა ეს პიროვნება სასამართლოში თავის ძლიერი ტკივილებით მოვიდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის მას დიაგნოსტიკა უტარდება“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ სასამართლოს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, აუდიტორია #115-ის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა გადადებულია.


































































