ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბ "ბახმაროში" ცვლილებებებია. ჩვენი ინფორმაციით, გუნდს A კატეგორიის მწვრთნელი თემურ ლორია ჩაიბარებს, რომელმაც ორი წლის წინ ლანჩხუთის "გურიის" უმაღლეს ლიგაში გადაყვანა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით, წაგებული თამაშების გამო ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა.
ლორიამ "გურიას" სასამართლო დავები მოუგო, საფეხბურთო ტრიბუნალზეც გამართლდა და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისევ გუნდს უბრუნდებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მან არჩევანი მეორე ლიგაში მყოფ "ბახმაროზე" შეაჩერა:
_ მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. ამ ორ დღეში შევათანხმებთ დეტალებს, _ აღნიშნა ჩვენთნ საუბრისას ლორიამ.
კითხვაზე, "ბახმაროში" წამოსვლა "გურიის" ხელმძღვანელობაზე შურისძიების გამო ხომ არ გადაწყვიტა, გვპასუხობს, რომ ლანჩხუთელთა კლუბიდან კონკრეტული შემოთავაზებები არც მიუღია:
_ კი იყო საუბრები, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება არ მქონია. კლუბში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, ხელმძღვანელიც კი არ არის დანიშნული და ასე არაფერი გამოვა. რაც შეეხება შურისძიებას, ნამდვილად არა. მე გუნდიდან აბსურდული ბრალდებით გამათავისუფლეს _ მედავებოდნენ, რომ "გურიას" უეფაზე" გაყვანა ვერ მოვახერხე. ეს რომ არასწორი ბრლადება იყო ყველგან დამტკიცდა, _ გვითხრა ლორიამ.
მისივე თქმით, შემოთავაზებები რამდენიმე გუნდიდან და ბავშვთა სკოლებიდან ჰქონდა, თუმცა არჩევანი იმ გუნდზე გააკეთა, რომელსაც ამბიცია აქვს:
_ ბახმაროს აქვს ამბიცია, რომ გადავიდეს პირველ ლიგაში. არ ვიტყვი, რომ ანაზღაურება ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზანია, რაც ჩოხატაურელების გუნდს აქვს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ, _ ამბობს უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომლის თქმით "ბახმაროში" მისი გაზრდილი, უმაღლესი კლასის მოთამაშე ფეხბურთელებიც მოხვდებიან, რაც გამარჯვებასთან უფრო დააახლოებთ.