ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.
ამას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი (30-ე მუხლი) განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, სააგენტო სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარადგენს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას. სუს-ის უფროსი ნიშნავს სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. სუს-ის უფროსი ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, განსაზღვრავს მის ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.
ამავე პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.
კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარულ აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში 6 თებერვალს განხორციელდა. პროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.