ჰადასის მედიცინის ცენტრში, უახლოეს დღეებში, 40 ბავშვზე გამოცდიან მოწყობილობას, რომელიც ტვინზე მაგნიტური ზემოქმედების წყალობით, რიგ დაავადებებს კურნავს. ამ ავადმყოფობებს შორისაა: დეპრესია, შიზოფრენია, ტრავმისშემდგომი სტრესი, ნარკოდამოკიდებულება, ალცგეიმერის დაავადება და ტურენტის სინდრომი.
ებრაელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგიას ბავშვის აუტიზმისგან გათავისუფლება შეუძლია. ტვინის სტიმულატორი ერთი შეხედვით სალონის თმის საშრობს ჰგავს. ჰარვარდის სამედიცინო ცენტრში აპარატი ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებზე უკვე გამოცადეს.
სისტემა კომპიუტერით კონტროლირებად რიგ ელექტრომაგნიტებს იყენებს. სწორედ ეს ელექტრომაგნიტები აგზავნიან ტვინის განსაზღვრული ზონებისკენ სიგნალებს. იმპულსები ნეირონებს ასტიმულირებს და პაციენტს ავადმყოფობის მიმდინარეობას უმსუბუქებს.
ცოტა ხნის წინ მოწყობილობის მწარმოებელმა კომპანია "Brainsway"-მ აშშ-ში 233 დეპრესიით დაავადებულ მოხალისეზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 16 კვირის განმავლობაში მეცნიერებმა მკურნალობაში მნიშვნელოვან წინსვალს მიაღწიეს. მოწყობილობის ზემოქმედებით, პაციენტების 30,4% დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვიდა. მეორე ჯგუფის პაციენტებში, კი, რომლებსაც ტრადიციული მეთოდით მკურნალობდნენ, დაავადება მხოლოდ 14,5%-მა დაძლია.