ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
“გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, პირი, რომელმაც ბახვი-ჰესის თანამშრომელი დაჭრა, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები გ.გ-ია და ის ერთ-ერთი თანამდებობის პირის მამიდაშვილია.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული საქმეზე დამნაშავის ვინაობა სამართალდამცავებისთვის, დაზარალებულის ტელეფონით გახდა შესაძლებელი.
წყაროს მტკიცებით, სავარაუდო დამნაშავე დაზარალებულს საკუთარი ავტომანქით კარგა ხანს დაჰყვებოდა უკან, შემდეგ კი სოფელ დვაბზუში დაეწია და თავის მანქანაში გადმოჯდომა სთხოვა, სადაც ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა დაზარალებულ გია კილანავას.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ის ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
შსს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და საქმე აღძრულია სსკ 19 /108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბახვი-ჰესი თანამშრომელი გია კილანავა ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ, 12 თებერვალს, დღისით, დაახლოებით 3 საათისთვის, სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვიით დაჭრეს. ჭრილობა მას აქვს გულის არეში და კიდურებში აქვს მიყენებული.
გია კილანავა 2 წელია, რაც ბახვი-ჰესზე დირექტორად მუშაობს და ის ამჟამად სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატის ლალი სიჭინავას ოჯახში ცხოვრობს.
მისი საცხოვრებელი სახლი თბილისშია და ის ოზურგეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება.
დაჭრილს სამედიცინო ცენტრ მედლაფაში პირველადი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ახლობლების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯამად კვლავ სტაბილურად მძიმეა.
დაჭრის ფაქტს, როგორც დაზარალებულის ოჯახის ახლობლები ამბობენ, მხოლოდ ერთი თვითმხილველი ჰყავს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხუტა.დ, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.