სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს. ამასთან, ის ადასტურებს, რომ ჩანაწერში მესამე პირიც ფიგურირებს და თანხაზე საუბარი სწორედ ტელეკომპანიის ვალებს ეხება.
„ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოვუსმინეთ სრული ვერსია ამ ჩანაწერის, როდესაც გაკეთდა. ვადასტურებ, რომ აქ მიმდინარეობს სამ პირს შორის საუბარი. აგრეთვე იმ ფაქტს, რომ, როდესაც საუბარია მილიონებზე, მილიონების გასტუმრებაზე, ეს მიდის მესამე პირთან საუბარი და საუბარია ტელეკომპანიის ვალების დაფარვის მექანიზმებზე. დღეს სრულიად გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს დილიდან ვიხილეთ", _ განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ზაალ უდუმაშვილმა.
ამასთან, მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიას დაკავებას გეგმავდეს.
"ამ დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა ვხდებით, რომ რუსთავი2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების საკითხია, რომ გამოცხადდეს გადაწყვეტილება. არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მათ შორის არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას", _ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, "რუსთავი 2" გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.
„მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი სცენარი მოიფიქრეს და დაგეგმეს, – ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ "რუსთავი 2"-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით", _ თქვა უდუმაშვილმა.