,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს’’ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე აქცენტი სხვა თემაზე გადაიტანა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა.
,,გაუგებრობა არაადექვატური და არასწორი შეფასებაა. გაუგონარი რამ ხდება. ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად მთელმა სახელისუფლებო ვერტიკალმა დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული პრემიერ მინისტრით და უმრავლესობის დეპუტატებით, პრაქტიკულად გლოვის მდგომარეობაში გვარწმუნებდნენ იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი თურმე ყოფილა შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა. ჩვენ მივიღეთ სურათი, რომლის ახსნა არის ერთადერთი – ეს არ არის გაუგებრობა, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და დაიწყო ახალი ოპერაცია, კერძოდ საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის. ამას სხვა ახსნა არ აქვს. პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას მოუვიდა ნაადრევი სტარტი და ამ ისტორიიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთადერთი დასკვნა, რომ ხელისუფლება აპირებს უხეშად ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში. მინდა ყველას ავუხსნა, რომ საპატრიარქო და ეკლესია თავის წინამძღოლს ირჩევს თავად და ხელისუფლება ამ პროცესში არ უნდა ჩაერიოს. საქართველოს ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან. დაუშვებელია ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით. ვინაიდან ძირშივე გამოჩნდა, რომ მთლიანად ეს ტყუილზე აგებული, ოპერაციის მომდევნო ყველა განცხადება არის სპირალში შესვლააი ამ ტყუილის. ან იმდენად უნიათოები და არაკოორდინირებულები არიან თავის საქმეში, რომელიც კანონით ავალიათ, ან მეორე, უფრო ლოგიკური – გადაწყვიტეს მოქმედება დაეწყოთ, ჩარეულიყვნენ იქ, სადაც მათი საქმე არ არის. ამას ვამბობ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ვიხილეთ“, _ განაცხადა გიგი უგულავამ.