"მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან" – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვიდეო მიმართვაში საუბრისას, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გამოაქვეყნა.
პატრიარქის განცხადებით ვერავინ შეძლებს ერისა და ეკლესისს დარღვევას:
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე.
სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.
მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი, გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალშიც. ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“ – თქვა პატრიარქმა.