გაზაფხულზე, ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელ ზენობანში, ახალგაზრდა უკრაინელმა რეჟისორმა ირინა პროვილომ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სისხლი”. ფილმი პირველად კიევის კინოს სახლში იქნა ნაჩვენები. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ცნობილი მუსიკოსები, მხატვრები, არქიტექტორები, უკრაინის ელიტის წარმომადგენლები. როგორც ფილმის რეჟისორმა გვითხრა, სანამ ფილმს უჩვენებდნენ, საზოგადოება ინფორმირებული იყო დუმბაძის შემოქმედების, მისი ნაწარმოებების შესახებ, რომლებსაც უფროსი თაობა კარგად იცნობს, ახალგაზრდებმა კი ნაკლებად იციან: _ როდესაც ფილმი დამთავრდა, აღფრთოვანებული მაყურებლები დიდხანს უკრავდნენ ტაშს. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთ დიდ შთაბეჭდილებას თუ მოახდენდა, _ გვითხრა ფილმის რეჟისორმა, _ ფილმში იმდენად დამაჯერებლად და პროფესიულ დონეზე შეასრულეს როლები რაულ სიხარულიძემ, ნარგიზა დოლიძემ, გეგე ჩიგოგიძემ და სხვებმა, რომ მაყურებელმა ვერ დაიჯერა, ისინი პროფესიონალი მსახიობები თუ არ იყვნენ. ფილმი ნაჩვენები იქნა თბილისში რუსთაველის სახელობის კინოთეატრშიც, რომელსაც ესწრებოდნენ ნოდარ დუმბაძის მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები. ფილმმა, რა თქმა უნდა, აქაც წარმატება მოიპოვა.
განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გურიაში, დუმბაძის მშობლიურ კუთხეში ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელმა გულთბილად მიიღო ფილმი, რომელიც ამ ხალხის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია. მიხარია, რომ აქ ასეთი თბილი, კეთილი, სტუმართმოყვარე, ინტელიგენტი და უაღრესად ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა თანადგომით შევძელი ფილმის გადაღება. შემიძლია ვთქვა, რომ ნოდარ დუმბაძის “სისხლი” ჩემი სავიზიტო ბარათია. მადლობა ყველას, უსაზღვროდ მიყვარხართ, _ თქვა ირინა პროვილომ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved