სწორედ მწერლის მეგობარმა, გიორგი გუდავაძემ გახსნა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და კულტურის სამსახურების მიერ ერთობლივად მოწყობილი ღონისძიება.
“ისევ იხარხარებს, ისევ იცუღლუტებს ზურიკელა ბიჭის მოდგმა” _ ჩაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ლამაზი კომპოზიცია წარმოადგინეს.
“ჩვენდა საამაყოდ, ჩაისუბნის საჯარო სკოლა ნოდარ დუმბაძის სახელს ატარებს. მე მქონდა ბედნიერება შევხვედროდი არაერთხელ ცოცხალ ლეგენდას,” _ თქვა ქალბატონმა ლიანა თოდუამ, რომელიც აღნიშნული სკოლის დამსახურებული მასწავლებელია.
მაყურებლის წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული თეატრის მსახიობები, ანსამბლები _ “მანდილი” (ხელმძღვანელი ლეილა კოტრიკაძე), “ნართი” (ხელმძღვანელი ვარდო თოდრია) წარსდგნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ანსამბლი “ქართული ხმები”. შეკრებილთ მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი თამაზ ჩიგოგიძე.
საინტერესო იყო, რომ მწერლის დაბადების დღის გამო გაშლილ გაშლილ სუფრას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად მიუსხდნენ და მწერლის სადღეგრძელოც ერთად შესვეს.
როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ “ამუშავდა” მარადისობის კანონი, რომელიც შეგვახსენებს _ “ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, თქვენ _ ჩემი, მე _ სხვისი, სხვამ _ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალებით არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”.