"გურია ნიუსის" მკითხველი, რომელიც რამდენიმე წელია ემიგრანტია, ჩვენს რესპონდენტებს დაეხმარა.
მისგან დახმარება მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრებმა ქეთევან გოგოტიშვილმა და დაბა ანასეულში მანანა თავაძემ.
ეს ადამიანი, რომელიც "გურია ნიუსის" რესპონდენტებს უანგაროდ დაეხმარა წარმოშობით ოზურგეთიდანაა, თუმცა, მის მიერ გამოგზავნილი თანხა სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებსაც ერგოთ.
ისე, რომ ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში მცხოვრებ ქეთინო ექთანს ცხენის საყიდელი თანხა გამოუგზავნა.
დახმარება ერგოთ ჩოხატაურში, ე.წ. სპორტსკოლის ბინებში მცხოვრებ ორ პატარას, რომლებსაც მხოლოდ დედა ზრდის და რომელთა ფანჯრებზე წლებია მინის ნაცვლად ძველი ტომარაა გაკრული.
ამ პატარებს გურული ემიგრანტის დახმარებით საშობაოდ კარგი საჭმელი, ტკბილეული და თბილი ტანსაცმელიც ჰქონდათ.
დახმარება შეხვდა ჩოხატაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ცისანა სიხარულიძესაც.
საშობაოდ ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი დახმარება ჩოხატაურის ე.წ. უფასო სასადილოს რამდენიმე ბენეფიციარსაც ერგოთ _ ოჯახში ერთი პურის საწაღებად მისულებს სხვადასხვა სახის პროდიქტების წაღების შესაძლებლობა მიეცათ.
"გურია ნიუსი" ჩვენს მკითხველს, რესპონდენტების დახმარებისთვის მადლობას უხდის და იმედს ვიტოვებთ, რომ მას სხვებიც მიბაძავენ _ ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს _ გახსოვდეთ, რომ სიკეთე გადამდებია!