_ ბატონო ჯონდი, სტრასბურგში, გენერალურ ასამბლეაში რაზე აპირებთ საუბარს?
_ ეს იყოს ექსკლუზივი “გურია ნიუსისთვის” _ გენერალურ ასამბლეაში ვგეგმავ ჩავატარო ბრიფინგი და მოვიწვიო ევროპელი ჟურნალისტები. მათ უნდა დავურიგოთ ჩანაწერები, სადაც იქნება იმის ამსახველი კადრები, რაც მოხდა პარლამენტში. ასევე, ელიტური კორუფციის შესახებ ინფორმაცია და რა ვითარებაა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
_ ვისთან ერთად მიდიხართ?
_ ვნახოთ. მე დავიწყე ამაზე საუბარი. შეიძლება რომელიმე თანაფრაქციელი წამოვიდეს ჩემთან ერთად.
_ თქვენთან ერთად “ქართული ოცნებიდან” ხომ არ მოდის ვინმე?
_ არ ვიცი. თუ მათი სურვილი იქნება, წინააღმდეგი არ ვიქნები. თუმცა, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ახლა მე ჩავიდე. მექნება საუბარი არა მარტო კორუფციაზე, არამედ იმ საკითხებზეც, რომელიც კოალიციას ეხება. უმჯობესია, როცა ასეთ თემაზე საუბრობს ქვეყანაში არსებული სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.
_ ჟურნალისტების გარდა, ვისთან გეგმავთ შეხვედრას?
_ შეხვედრას ვგეგმავ ევროპაში იმ სპეციალურ ჯგუფთან, რომელიც ფულის გათეთრებისა და კორუფციის საკითხებზე მუშაობს, ასევე საპარლამენტო ფრაქციებთან. ჩვენი შეხვედრების მიზანია, ევროპასა და დასავლეთში იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის კორუმპირებული. ის დგას კორუფციული პირამიდის სათავეში. ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პირდაპირ ეთერში, პარლამენტში, ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაემუქროს განადგურებით.
ვაპირებ მივცე ინფორმაცია ევროპას – ამ კაცს ტანკს რომ ანდობ, ხომ შეიძლება თავისუფლად გააჩაღოს ომი?! ძალაუფლება ასეთი ადამიანის ხელში, იგივეა, მისცე ასანთი ბავშვს, რომელმაც შეიძლება ხანძარი გააჩინოს სახლში.