იგი უკიდურესი გაჭირვების გამო, იძულებული გახდა, შვილი სკოლაში არ გაეშვა, რადგან სასწავლო ნივთების შეძენას საკვების ყიდვა ამჯობინა.
თავდიშვილების შვიდსულიანი ოჯახი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ცხოვრობს. ორი წლის წინ, ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს შორის ირიცხებოდნენ და ფულად დახმარებას იღებდნენ, თუმცა, ხელახალი შემოწმების შემდეგ მოუხსნეს და დღემდე უარეს ყოფაში არიან, ვიდრე _ ნებისმიერი გაჭირვებული.
_ როცა სოციალურ დახმარებას ვიღებდი, ამ თანხას ვანაწილებდი, ბავშვებისთვის რვეული და კალმისტარი რომ მეყიდა, წიგნებზე არ მაქვს საუბარი. მეუღლე არ მუშაობს და ჩემი ოჯახი დარჩა მოხუცი დედამთილის და უნარშეზღუდული მულის პენსიის იმედად. ამ ადამიანებსაც ხომ უნდათ თავიანთი საარსებო და თავიანთ მინიმუმს უყოფენ ჩემს შვილებს. არანაირი სასიკეთო ცვლილება ჩემს ოჯახში არ ყოფილა _ პირიქით, პრობლემები მომემატა და ის სოციალური დახმარება ისევ რომ დამინიშნონ, მაინც არ ეშველება ჩემს გაჭირვებას. ახლა სარეიტინგო ქულა 69 440 მაქვს, შემომრჩა სამედიცინო პოლისი. მყავს სამი შვილი _ ტყუპი გოგონები და ერთ-ერთი მათგანი საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, რასაც არ ითვალისწინებს სამედიცინო დაზღვევის პოლისი და არის დაკავშირებული სერიოზულ თანხასთან. ბავშვი ახლა მეშვიდე კლასშია. ალბათ, მის მკურნალობას ვერ შევძლებ, _ გვითხრა ქალბატონმა ჯულიმ.
იგი თავადაც ავადმყოფობდა, დაცემისას მიიღო მძიმე ტრავმა და ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, თავის ტკივილი ახლაც აწუხებს.
უფროსი გოგონა მეცხრე კლასში სწავლობს. მან სოციალური ფულადი დახმარების მოხსნის გამო, ვერ მიიღო სასწავლო სახელმძღვანელოები.
_ ჩემს შვილს სახელმძღვანელოები არ აქვს. კარგი მოსწავლეა და წიგნების უქონლობის გამო, ჩამორჩენილია. სხვისგან თხოულობს წიგნებს, _ ამბობს ჯული თავდიშვილი.
თავდიშვილების ოჯახში, ვერ გეტყვით, რა სიახლე აღმოაჩინა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, მაგრამ ამ ოჯახს იმდენად დიდი პრობლემები აქვს, რა ქონებაც გააჩნია, სამი იმდენიც რომ ჰქონდეს, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება მაინც ვერ მოხერხდება; საცხოვრებელი სახლის სახურავი ისეა დაზიანებული, სახურავიდან წყალი ჩამოდის, ასასვლელი კიბე ჩამტვრეულია, ეზო პატარაა, შემოსავალი კი არანაირი არ აქვთ.
_ შემოსავლის მქონე ოჯახი სახურავს მაინც გამოცვლიდა ან ახალ ნივთს შეიძენდა. არც ძროხა მყავს და არც _ ღორი, არც მიწის ნაკვეთი მაქვს, რაიმე რომ დავრგო და გავაშენო. ვერ გეტყვით, რა დაინახეს ჩემს ოჯახში ისეთი “სასიკეთო” ცვლილება, რომ ის დახმარებაც მომეხსნა, რომლითაც ლუკმა პურს ვყიდულობდი, ახლა რომ ყველაფერი ძვირდება, რაღა ვაჭამო შვილებს?! _ სასოწარკვეთილია სამი შვილის დედა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved