ტელეკომპანია “მაესტროს”, პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩამოართვეს მისი კუთვნილი დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები, რითაც ის აპირებდა საკუთარი პროდუქტი – ამ შემთხვევაში ინფორმაცია – მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინა, რაც ყველა მედია-საშუალების ბუნებრივი მიზანია. ეს ტექნიკა მომხმარებელს საშუალებას მისცემდა მიეღო სხვა ტელეარხებიც ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მათ შორის, “მაესტროსგან” დიამეტრულად განსხვავებული პოზიციის მქონე ტელევიზიებიც.
მიგვაჩნია, რომ “მაესტროსთვის” ტექნიკის უკანონოდ ჩამორთმევამ ერთის მხრივ შელახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მეორეს მხრივ ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული აზრი და ინფორმაცია.
პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც შემდეგ სასამართლომ გაიზიარა, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გაცხადებული დემოკრატიული განვითარების პრინციპებთან და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას.
ჩვენ ამას აღვიქვამთ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. აღვნიშნავთ იმასაც, რომ სრულიად მიუღებელია მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური მიზნებით, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება, როგორიცაა პროკურატურა და სასამართლო.
ჩვენ, მედია-საშუალებების წარმომადგენლები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა “მაესტროს” კუთვნილ ქონებაზე და დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.