გაზეთ “გურია ნიუსი”, კოხნარის მედია წიგნიერების ცენტრთან ერთად, ნათიას შექმნილი სამკაულების გამოფენას გეგმავს. სწორედ “გურია ნიუსს” უთხრა ნათიამ, რომ ოცნებობდა კომპიუტერზე, რომელიც უახლესი ლიტერატურის მოძებნაში დაეხმარებოდა.
ჩვენს გაზეთში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმა ნათიას ოცნების ახდენაზე იზრუნეს.
_ 25 ივლისს დაგვირეკეს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგვიბარეს. ქალბატონმა ლელამ კომპიუტერი გადმომცა. ეს ოცნება ამიხდა და უზომოდ ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. დიდი მადლობა თქვენს გაზეთს, რომ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდით და გზა მიეცით ჩემი ოცნების ახდენას. მადლობა ქალბატონ ლელას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა. გპირდებით, რომ ამიერიდან უფრო საინტერესოდ და ნაყოფიერად ვიმუშავებ და ყველა ჩემი ნამუშევრის პირველი შემფასებლებიც თქვენ იქნებით, _ გვითხრა ნათიამ.