“შევხვდით პატიმრის ოჯახებს და პრობაციონერებს, ვისაუბრეთ კოალიცია “ქართული ოცნების” გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიარეთ სტატისტიკა და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო არის ყველაზე დაყადაღებული, დაპატიმრებული ქვეყანა მსოფლიოში. 25 ათასი პატიმარი _ 3 მილიონ ნახევრიან ქვეყანაში, ეს არის კატასტროფულად დიდი ციფრი, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას “ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზვიად კვაჭანტირაძემ. მისივე თქმით, პრაქტიკულად დაწყებულია არჩევნების გაყალბების პროცესი.
_ ბატონო ზვიად, რაში გამოიხატება არჩვენების გაყალბების პროცესის დაწყება?
_ გამოიხატება იმით, რომ ჩვენამდე მოდის ინფორმაციები, რომ პოლიცია პირდაპირ ავალებს ხალხს ხმების შეგროვებას, სადაც გასდით.
_ იქნებ, დაგვისახელოთ კონკრეტული ფაქტი.
_ ჯერ ერთი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითოეულ პოლიციელს დავალებული აქვს 30 ხმის მოტანა და პოლიციელები ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვისზეც შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ხელისუფლების წარმომადგენლებიც სხვადასხვა გზით გააყალბებენ არჩევნებს. ამომრჩევლებს ეუბნებიან, მოგცემთ შევსებულ ბიულეტენს, ის ჩააგდეთ, იქ რომ მოგცემენ, ის უკან გამოიტანეთ და ჩაგვაბარეთო. დავალება აქვთ პოლიციელებს პირდაპირ მიცემული, რომ თითოეულმა უნდა შეაგროვოს 30 ხმა არჩევნებისთვის.
ყველა პრობაციონერს, ვისთანაც გასდით, ეუბნებიან, რომ ხმები შეაგროვონ. ჩვენ მოვაგროვებთ კონკრეტულ ფაქტებს და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. გავახმაურებთ.