მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჯერჯერობით, თხევადი გაზით სარგებლობს და ამ ფაქტმა ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა. ადამიანთა უკმაყოფილება უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 31 ივლისს, ოზურგეთში თხევადი გაზის გაყიდვა გაზრდილი ფასით განახლდა. თან ეს ტერიტორიულად მხოლოდ ერთ ადგილზე, აბაშიძის ქუჩაზე, ბჟუჟის ხიდთან ახლოს, სოფელ მაკვანეთის გადასახვევთან ხდება. ბუნებრივია, რიგიც თავისთავად ჩნდება.
“გურია ნიუსი” ხსენებულ ადგილზე თხევადი გაზის გამყიდველს ინდმეწარმე პაატა შარაშიძეს ესაუბრა. კითხვაზე, ჯერ რამ გააქრო და მერე გაძვირებული სახით რატომ გამოჩნდა თხევადი გაზი, პასუხი არ აქვს.
_მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გაზი გაძვირდა, აქამდე ერთი კილოგრამი სამი ლარი ღირდა, ახლა ოთხი ლარი გახდა. მეტი არაფერი ვიცი, _ თქვა მან.
_პურის გაძვირებას თუ გაზის გაძვირება ასე უცებ მოჰყვებოდა, არ გვეგონა, ისე კი ამ მთავრობისგან უარესსაც უნდა ველოდეთ, პური მალე ერთი ლარი გახდებაო, იმასაც ამბობენ და იმედია, “გაგვაბედნიერებენ” დიეტაზე ჯდომით, _ ირონიას არ იშურებენ გურულები.