კერძოდ, მინისტრის 11 ივლისის ბრძანება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო რეგისტრაციის გასავლელად საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მიტანას ავალდებულებდა, გაუქმებულია.
“საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ” საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.
როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” შენიშვნა, რომელმაც მინისტრის 11 ივლისის ბრძანებას ანტიკონსტიტუციური უწოდა და საქართველოს პრეზიდენტს მისი გაუქმებისაკენ მოუწოდა.
“ახალგაზრდა ადვოკატების” მოსაზრებით საცხოვრებელი ადგილიდან ცნობას ბევრი ჩვენი თანამემამულე ვერ წარადგენდა, შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ შეძლებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. უფრო მეტიც, ამ ბრძანების ამოქმედება გაზრდიდა მათი დეპორტაციის საფრთხეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრის ბრძანებაში დამატებითი ცვლილება განახორციელა და დაადგინა, რომ ადგილსამყოფელი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ცნობის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, პირმა წარადგინოს სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება.