(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რამდენიმე დღეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფლების მოსახლეობას ხვდება.
ზომლეთში პრიორიტეტად სასმელი წყალი დასახელდა და შესაბამისად, ამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად წყალგაყვანილობას მოხმარდება.
გორაბერეჟოულელთა მთავარი პრობლემა ახლახან გაუქმებული ტექნიკუმი აღმოჩნდა: _ ამ დღეებში ველოდებით ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნიკა ვაჩეიშვილს, რომელიც ადგილზე გაეცნობა სოფლის ადგილმდებარეობას, ერისთავის სასახლედ წოდებულ პარკს და გადაწყდება ტექნიკუმის ბაზაზე ეკომუზეუმი შეიქმნება თუ ეროვნული პარკი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აიღოს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე და განავითაროს ისე, რომ ბიუჯეტს გარკვეული შემოსავალი მოუტანოს, _ განუმარტეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ადგილობრივ მოსახლეობას.
ზოტში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თხოვნით მიმართეს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საკუთარი სოფლის პრობლემების შერჩევაში, რათა სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იქნას გახარჯული. მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემის გადაჭრა მოითხოვა _ საბავშვო ბაღის გახსნა, სპორტული დარბაზის დასრულება და სკოლის მშენებლობა. რომელთა ერთდროულად გადაწყვეტა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ, სოფლის პრიორიტეტის განხილვის საკითხი რამდენიმე დღით ღიად დატოვეს.
ზოტში შეხვედრის მეორე ნაწილი კულტურულ ღონისძიებებს დაეთმო, რომელიც მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა, კულტურის ცენტრმა და ზოტის კულტურის სახლის დირექტორმა ერთობლივად დაგეგმეს, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ზოტელი, ასევე ჩოხატაურელი მოსწავლეები.