“ქართული ოცნების” პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე, არცერთი კანდიდატის გამოცვლის საკითხს არ განიხილავს.
_ არცერთი დეპუტატობის კანდიდატის შეცვლის თაობაზე დისკუსია არ მიმდინარეობს. ის, რაც თქვა ბატონმა ბიძინამ და ის, რაც გავიმეორე მე, არის მხოლოდ და მხოლოდ ასეთი გამონათქვამი, რომ შეიძლება, მსგავსი რამე მოხდეს იმიტომ, რომ ვიღაცას დაეკისროს სხვა ფუნქცია. ამისი თქმა, კონტექსტში, გამოიწვია იმან, რომ როდესაც გამოცხადდნენ მაჟორიტარები, მაშინ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ცნობილი სახე, ბევრი ძალიან ძლიერი ადამიანი, მაგრამ მათ დაევალათ შტაბში მუშაობა და ამიტომ არ არიან მაჟორიტარები. ამასთანავე, ბატონმა ბიძინამ ჩამოთვალა ის ადამიანები, რომლებიც პოტენციური მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ, გამომდინარე მათი ცნობადობიდან, გამოცდილებიდან. შესაბამისად, თუ კანდიდატის ცვლილება მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამის საჭიროება იქნება და კანდიდატი გადაინაცვლებს სიაში. თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ამაზე საუბარი არ არის.
_ ანუ, ამ ეტაპზე კანდიდატებს არ გამოცვლით?
_ ამ ეტაპზე საჭიროება არ დამდგარა, რომ ვიღაცა საჭირო გამხდარიყო სხვა ადგილას, მაგრამ მოულოდნელობით არის აღსავსე წინასაარჩევნო ორი თვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი და გათვლილი გვაქვს, მაინც შეიძლება, რაიმე მოხდეს, _ დასძინა ფანჯიკიძემ.