აქ ელოდებიან რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს. დამსვენებლები ამბობენ, რომ, შესაძლოა, აქ დღეს მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს. რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პრეზიდენტის პირადი დაცვა აქ არ შეიმჩნევა.
დამსვენებლების თქმით, საკურორტო ზონაში არ არის წყალი და შუქი; არ არის მოგვარებული კანალიზაციის პრობლემა. მათი თქმით ლევან ვარშალომიძე და გურიის ხელისუფლება ხშირად ჰპირდება ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება შუქის, წყლის და სველი წერტილების პრობლემას მოაგვარებს კურორტს მეტი დამსვენებელი ეყოლება.
გომისმთაზე 22-წლიანი ლოდინის შემდეგ გაიხსნა ახალი ამბულატორია, რომელსაც ერთი ექიმი და ექთანი ჰყავს.
ექიმ ნანა ფულორიას თქმით, 22 ივლისიდან დღემდე, 110 ადამიანს გაეწია უფასო დახმარება. მისივე განცხადებით, ლიცენზიის უქონლობის გამო წელს ვერ მოხერხდა აფთიაქის გახსნა, რაც შემდეგი ზაფხულისთვის აუცილებლად მოგვარდება.
“გომისმთობა” ოზურგეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თაოსნობით და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით მოხდა.
დღეს ჩატარდება ჩემპიონატი ფეხბურთში, მკლავჭიდში, გაიმართება “ლურჯი იალქანის” და “გურული ბიჭების” კონცერტი.