ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შალვა თადუმაძემ და სანდრო ბარამიძემ მოსამართლე ნანა დარასელიას აცილების საკითხი დააყენეს, რადგან ამ მოსამართლემ ზუსტად 2 თვის წინ, 11 ივნისს, ივანიშვილი 22 მილიონით დააჯარიმა.
დაცვის შუამდგომლობას, რასაც აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, არც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ნანა დარასელიამ გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ოქმის საფუძველზე მიიღო ,რომლის მიხედვით ივანიშვილმა საკუთარი და მეუღლის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით გაიტანა 5 552 135 ლარი გაიტანა. აუდიტის სამსახურმა ივანიშვილს ამ ფულის ხარჯვის მიზანშეწონილობის დასაბუთება მოსთხოვა, მაგრამ ივანიშვილმა ეს მოთხოვნა, როგორც უკანონო, უპასუხოდ დატოვა.
აუდიტის სამსახური ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა 5 მილიონი ლარის ხარჯვის მიზანშეწონილობა ვერ დაადასტურა, რაც ბადებს იმის ეჭვს, რომ მან ეს ფული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
ადვოკატი სანდრო ბარამიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ფული ივანიშვილმა ოჯახს მოახმარა, აუდიტის სამსახური კი მის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ერევა.
გარდა ამისა, არ არსებობს კანონი რომელიც პირს საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანას უკრძალავს.
დაცვის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი ფირი, რომელზეც აღბეჭდილია, რომ სადაო თანხა სახლში აქვს ეკატერინე ხვდელიძეს, მოსამართლე დარასელიამ არ გაითვალისწინა, თუმცა განაცხადა რომ აუდიტის სამსახურმა სწორად ვერ დაითვალა ივანიშვილის ანგარიშიდან გატანილი თანხა და ის 4 048 765 ლარამდე ანუ 1,5 მილიონით შეამცირა.
სასამართლო გადაწყვეტილებას ადვოკატმა თადუმაძემ უპრეცედენტო უწოდა, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილებები მრავლად მოიძებნება ქართული მართლმსაჯულების არქივში.